ლანჩხუთის „გურია“
მოკლე ისტორია
ლანჩხუთის „გურია“, ქართულ ფეხბურთში მდიდარი წარსულის მქონე კლუბია, რომლის ისტორია ერთ საუკუნეს უკვე გასცდა. ლანჩხუთში ფეხბურთელთა პირველი გუნდი 1924 წელს, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა
ანდრო ჟორდანიამ დააარსა, რომელსაც „კიმი“ ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სხვების მსგავსად, ამ გუნდმაც შეწყვიტა არსებობა, 1952 წელს კი აღდგა, სახელწოდებით „კოლმეურნე“. 1960 წლიდან გუნდს ამჟამინდელი სახელი, „გურია“ ეწოდა.
1960 წლიდან „გურია“ საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკურ პირველობაზე ასპარეზობს. ლანჩხუთელთა გუნდი 4-ჯერ (1961, 1966, 1970, 1971) გახდა რესპუბლიკის ჩემპიონი და 3-ჯერ (1965, 1966, 1971) დაეუფლა რესპუბლიკის თასს.
რესპუბლიკურის გარდა, „გურიამ“ საკავშირო პირველობაზეც არაერთი წარმატებით დაამახსოვრა თავი ქომაგებს, რაც უმთავრესად „გურიას“ ამაგდარის,
ევგრაფი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. სწორედ მან დაუდო სათავე საბჭოური ფეხბურთის მწვერვალებზე ლანჩხუთელთა გუნდის აღზევებას. მისი თაოსნობით ლანჩხუთში გამორჩეული მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით კარგი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც არაერთხელ გაძლიერდა. 1975 წელს გურულებმა საკავშირო მეორე ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავეს, მომდევნო 1976 და 1978 წელს წელს მე-2 ადგილზე გავიდნენ, ხოლო 1979 წელს პირველი ადგილი დაიკავეს და პირველ ლიგაში გადავიდნენ. ამ პროგრესირებადი წარმატებული პროცესის გვირგვინი 1986 წელი გახლდათ, როცა ყველასათვის უცნობი ლანჩხუთის გუნდი, საბჭოური მეგაპოლისების გუნდებით დაკომპლექტებულ უმაღლეს ლიგაში გადავიდა. იმ დროისათვის საკავშირო უმაღლესი ლიგა, ევროპაში მოწინავე ტრიოში თუ არა, ხუთეულში ნამდვილად შედიოდა. გურულებმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინეს 1987 წლის სეზონისთვის, სტადიონის რეკონსტრუქცია 2 იანვარს დაიწყეს და 14 მარტს რეკონსტრუირებული სტადიონი (რომელიც საბჭოეთში ერთ-ერთ გამორჩეულ საფეხბურთო ატმოსფეროს მქონე არენად მიიჩნიეს) „გურიასა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ მატჩით საზეიმოდ გაიხსნა.
ლანჩხუთელთა გუნდს იმავე სეზონში მოუწია დაქვეითება, მაგრამ ქომაგებს გააზრებული და ტექნიკური თამაშით დაამახსოვრა თავი. 1989 წელს „გურიამ“ პირველ ლიგაში მეორე ადგილის დაკავებით, საკავშირო უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, მაგრამ გურულებმა საკავშირო პირველობას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობა ამჯობინეს და არაერთი წარმატებით გაამდიდრეს კლუბის ისტორია.
ლანჩხუთელთა გუნდის წარმატებები რჩეულმა ფეხბურთელებმა გამოჭედეს, წლების განმავლობაში „გურიას“ მაისური ცნობილმა მოთამაშეებმა, ღირსეულად ატარეს. მათი მცირედი ჩამონათვალი ასეთია:
მერაბ მეგრელაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, ოთარ კორღალიძე, თემურ ჩხაიძე, გიგლა იმნაძე, მერაბ ჟორდანია, ბესიკ ფრიდონაშვილი, გოჩა ტყებუჩავა, მერაბ თევზაძე, მალხაზ არზიანი, გოჩა გოგრიჭიანი, მურმან აკოფიანი, ნუგზარ მიქაბერიძე, კარლო მჭედლიძე, მამუკა აბუსერიძე, ბადრი დანელია, სოსო ჭედია, კახი გოგიჩაიშვილი, გია ჯიშკარიანი, მალხაზ მახარაძე, დავით მახარაძე, ავთანდილ ქანთარია...ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე „გურია“ ზედიზედ ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი და შესაბამისად ვერცხლის პრიზიორი. ეროვნული თასის პირველ გათამაშებაში ლანჩხუთელებმა სოხუმის „ცხუმს“ სძლიეს და პირველი ეროვნული ტროფეი მოიპოვეს. 1999 წელს „გურია“ პირველ ლიგაში დაქვეითდა, მაგრამ 2 წელში პირველი ლიგის გამარჯვებულის რანგში დაუბრუნდა უმაღლეს დივიზიონს. თუმცა, წარმატებას, დაქვეითება მალევე მოჰყვა, 2013 წელს ლანჩხუთელები მთავარ ლიგას კვლავ დაუბრუნდნენ, მაგრამ, მხოლოდ 3 წლით. ამას ფინანსური კრიზისისა და წარუმატებლობის პერიოდი მოჰყვა. საბოლოოდ „გურია“ ლიგა 4-ში დაქვეითდა. 2025 წლის სეზონში, ლიგა 4-ში ლანჩხუთელებმა წარმატებით იასპარეზეს და ლიგა-3-ში გადამსვლელ ტრიოში მოსახვედრად, დასკვნით ტურში ფრე საბრძოლო ფრე, 4:4 (3 წუთში 2 გოლი გაიტანეს) გაახერხეს და ლიგა-3-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ამ ისტორიულ მატჩს, ისტორიული გადაწყვეტილება მოჰყვა, „გურიას“ პატრონობა, ლანჩხუთელთა გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის,
მერაბ ჟორდანიას უფროსმა ვაჟმა,
კახი ჟორდანიამ ითავა და როგორც ჩანს, კლუბისთვის ახალ დიდ პროგრესს დაუდო სათავე. 2026 წლის სეზონში „გურია“ ლიგა 2-ში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ნათლად ჩანს, რომ მორიგი პროგრესის პროცესი წარმატებულად უნდა გაგრძელდეს.